სანდრო გურეშიძე - ველოდები, რომ რეაბილიტაციის პროცესი სრული დატვირთვით დავიწყო #1TVSPORT
სანდრო გურეშიძე - ველოდები, რომ რეაბილიტაციის პროცესი სრული დატვირთვით დავიწყო #1TVSPORT

ოპერაციისა და ერთთთვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივის“ მცველმა, სანდრო გურეშიძემ თანაგუნდელებს ტრიბუნიდან პირველად ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში უქომაგა.

თბილისური კლუბის 26 წლის ცენტრალური მცველი იმედოვნებს, რომ რეაბილიტაციის პროცესს მალე სრული დატვირთვით დაიწყებს და ამ ეტაპს სწრაფად გაივლის.

„თავს კარგად ვგრძნობ. ველოდები, ორი კვირა გავიდეს, რომ ფეხის დადგმა შევძლო და რეაბილიტაციის პროცესი სრული დატვირთვით დავიწყო. რთულია, როცა შენს გუნდს ტრიბუნიდან უყურებ და დახმარება არ შეგიძლია. იმედია, რეაბილიტაცია სწრაფად და კარგად წავა“, – ამბობს „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი.

სანდრომ გურეშიძემ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ ოთხი თამაში ჩაატარა და დაშავდა. მან ტრავმა მარტის სანაკრებო შეკრებაზე თბილისის „მერანთან“ ამხანაგური თამაშის დროს მიიღო. თავიდან სერიოზული არაფერი ეგონა, მაგრამ მუხლი ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა, „ემ-ერ-აი“-მ კი აჩვენა, რომ ჯვარედინი მყესი სულ დაგლეჯილი ჰქონდა, მენისკიც ცუდ მდგომარეობაში იყო და საოპერაციო აღმოჩნდა.

თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურ მცველს ოპერაცია 17 აპრილს გაუკეთეს. წინასწარი შეფასებით, ახალგაზრდა მცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია და სავარაუდოდ, თებერვლამდე დაისვენებს.

სანდრო გურეშიძე 2014 წელს „დინამო თბილისი 2-ში“ გამოდიოდა. სხვადასხვა დროს ასევე თამაშობდა ფოთის „კოლხეთი 1913“-სა და ბოლნისის „სიონში“, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. თბილისის „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვარში ჩაირიცხა და კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

დატოვე კომენტარი