სანდრო გურეშიძე - ჩემთვის წლევანდელი სეზონი დასრულდა #1TVSPORT
სანდრო გურეშიძე - ჩემთვის წლევანდელი სეზონი დასრულდა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურ მცველს, სანდრო გურეშიძეს ოპერაცია გაუკეთეს, – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„დღეს საღამოს, სანდრო გურეშიძეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მალე დაგვიბრუნდი, გურეშ სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერია „ლოკომოტივის“ განცახდებაში.

სანდრომ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ ოთხი თამაში ჩააატარა და დაშავდა. მომხდარზე თბილისური კლუბის ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ტრავმა მარტის სანაკრებო შეკრებაზე თბილისის „მერანთან“ ამხანაგური თამაშის დროს მივიღე. თავიდან სერიოზული არაფერი მეგონა, მაგრამ მუხლი ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევდა. „ემ-ერ-აი“-მ აჩვენა, რომ ჯვარედინი მყესი სულ დაგლეჯილი მქონდა, მენისკიც ცუდ მდგომარეობაში იყო და საოპერაცია აღმოვჩნდი“, – განაცხადა პირველ არხთან სანდრო გურეშიძემ.

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელის თქმით, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია: „ოპერაციის შემდეგ დრო გამიცდება. რეაბილიტაციისას თებერვლამდე დავისვენებ. მოკლედ, შევეგუე, რომ მანამდე სეზონი გამიცდება. მთავარი რეაბილიტაციაა და ყველაფერს ეშველება. სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მოვემზადები“.

სანდრო გურეშიძე „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა. 25 წლის ცენტრალურ მცველსა და თბილისურ კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 2014 წელს ჰქონდა შანსი ბელგიურ „გენტში“ დამკვიდრებულიყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და „დინამო 2-ში“ აღმოჩნდა. სხვადასხვა დროს ასევე თამაშობდა ფოთის „კოლხეთი 1913“-სა და ბოლნისის „სიონში“, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უასპარეზია.