სანდრო ცნობილაძე აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარება საპროტესტო აქციებზე აქტიურობას უკავშირდება
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც სანდრო ცნობილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.
„რამდენიმე ადამიანი მოვიდა დილით. ჩემ წინააღმდეგ საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ, ახლა აქ არ ვიდგებოდი არცერთ შემთხვევაში, არამედ დამაკავებდნენ. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. შემოვიდნენ დილით, სადღაც 11:00 საათი იყო, წესიერად გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, შემოსვლის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები. ძალიან სასაცილოა, რადგან იმ დისკებზე არის ცხრა აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა კასეტებზე. ეს დისკებია წაღებული, ასევე წაღებულია ლეპტოპები. შეიძლება იმ დისკებზე საფეხბურთო ამბებია, ჩემი მთელი ცხოვრებაა, ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებული, ასევე ამოღებული აქვთ ჩემი ტელეფონი. იყო იქ რაღაცები, დავუშვათ, ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ასე შემდეგ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს“, – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
მედიის წარმომადგენელმა სანდრო ცნობილაძეს კითხვა დაუსვა, რა კომენტარს გააკეთებდა გამომძიებლის განცხადებაზე, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე და რა ინფორმაცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით.
სანდრო ცნობილაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს ჩემთვის ცოტა სასაცილო ამბავია. ჩემგან რაც ამოიღეს, იქიდან, მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებით და ჩემი შეხედულებით, ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდია. მაინც, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ და სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
როგორც სანდრო ცნობილაძემ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება აქციებზე მის აქტიურობას უკავშირდება.
„სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ეს არის, რაზეც ვსაუბრობ. საერთოდ არაფერი დაუსახელებიათ ჩემთვის, მითხრეს შემოსვლის მიზეზი, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, შესაბამისად, წაიღეს ელექტრონული მოწყობილობები“.