სანდრო ცაგარელი - სახელმწიფოს როლის გარეშე ძალადობის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია
სანდრო ცაგარელი - სახელმწიფოს როლის გარეშე ძალადობის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია

საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, ყველა ტიპის ადამიანს მისცეს გარკვეული დოზით საუბრის საშუალება, რათა საკუთარი თავი დაინახონ და აღარ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც უნდა შეანგრიონ ბრუტალურად, რომ მათკენ მზერა მიტრიალდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, სანდრო ცაგარელმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ცაგარელმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, კონკრეტულად კი, ძალადობაში ბრალდებულების საკითხს შეეხო.

„იმას თავი დავანებოთ, რომ ზოგიერთი მათგანი, ვინც ძალადობდა, იყო პროვოცირებული ან მართული. გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში აგრესია არსებობს. მაგალითად, ძალადობისთვის გასამართლებულმა ადამიანებმა სასამართლო პროცესზე თავისი თავი წარმოადგინეს, როგორც ჩაგრული ჯგუფი. ზოგმა მედიასაშუალებამ ალბათ, იმ დღეს აღმოაჩინა, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ ჩვენ გარშემო. ბუნებრივია, მესმის ემოცია, რომ ამ ადამიანების მიმართ გაუჩნდათ აგრესია. ისევ ისეთი ქილიკური დამოკიდებულებაა, რომ „ესენი არიან ბნელები“. შესაძლოა, მართლაც ისეთ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელიც ბევრი მიმართულებით არ იზიარებს საღ აზრს, მაგრამ ცოტა არის მსგავსი ჯგუფი, რომ საღ აზრს არ იზიარებს?! მეორე ჯგუფი, მაგალითად, „იქს“ პარტია მიიჩნევს, რომ მშობელს აქვს უფლება, შვილი არ გაუშვას ქუჩაში და ეს არის მშობლის გადაწყვეტილება და ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ამაზე მეტი სიბნელე რა შეიძლება, არსებობდეს?! ეს სიბნელე ზოგან ბრუტალურად გამოიხატება, ზოგან სხვა ფერებში, მაგრამ საზოგადოებაში სამწუხაროდ არსებობს, თანაც – ჭარბად.

საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ დავუკავშირებთ, ერთადერთი ის არის, რომ ყველა ტიპის ადამიანს მივცეთ გარკვეული დოზით საუბრის საშუალება, რათა თავის თავი დაინახონ, აღარ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც უნდა შეანგრიონ ბრუტალურად, რათა მათკენ მზერა მიტრიალდეს. მესმის პრაიდის იდეა, რადგან შემდეგ სიტყვებს ხმარობენ – „მზერის შემოტრიალება“, ყურადღების მიქცევას, რომ ჩვენი პრობლემებიც დღის წესრიგში დადგესო. ძალიან ლეგიტიმური და შესაძლოა, რაციონალური გზაც არის მათი საკითხებისთვის ყურადღების მისაქცევად“, – განაცხადა ცაგარელმა. 

მან ძალადობის აღმოფხვრაში სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა.

„სახელმწიფოს როლის გარეშე ასეთი რაღაცის გადაჭრა შეუძლებელია, რადგან თუ სადღაც ძალადობაა, საუბრით აღმოფხვრა შეუძლებელია, სადაც ძალადობაა, იქ უნდა დაისვას წერტილი, რომ ძალადობაა. სადაც არ არის ძალადობა და არის საუბრის საშუალება, საუბარს უნდა შევეცადოთ. რაღაცები არის, რაც საზღვრებს სცდება და იქ სახელმწიფო უნდა იყოს აქტიური. ასე არ არის, რომ „მე არ ვუშლი პრაიდს, მაგრამ თან ვერც დავიცავ“. თუ ვერ დაიცავ, მაშინ უნდა დაუშალო გამოსვლა, ასე გამოდის. ასეთ სიტუაციებში სახელმწიფოს მხრიდან შუაში გაძვრომა, არ მგონია, ეფექტური ან ლოგიკური იყოს“, – განაცხადა ცაგარელმა.