სანდრო ცაგარელი - არ შეიძლება, ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხი იყოს წამყვანი პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვის წამგებიანია
სანდრო ცაგარელი - არ შეიძლება, ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხი იყოს წამყვანი პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვის წამგებიანია

ჩემი აზრით, არ არსებობს რაღაც ფარული მისია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არ ამბობს, რისთვის უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ასე უპასუხა საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, სანდრო ცაგარელმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალურია „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაზეც მმართველი პარტია ხშირად საუბრობს და თუ ასეთი რამ მოხდა, რაში სჭირდება მას ეს უმრავლესობა?

„რა თქმა უნდა, ამაში არც თქვენ გულისხმობთ და არც მე, რომ არის რაღაც ფარული მისია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არ ამბობს, რისთვის უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩემი აზრით, ასეთი მისია მართლაც არ არსებობს. ცხადია, უფრო ლოგიკური იქნებოდა, არსებობდეს რაღაც მისია და საკონსტიტუციო უმრავლესობა რაღაც მიზნით ჰქონდეს. შეიძლება, აურიდებელი სიტუაციაა და არჩევნების შედეგები ისეთი იყოს, როგორც აცხადებენ“, – განაცხადა ცაგარელმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველომ, მრავალი წელია, გადალახა პრობლემა, რომელიც უშუალოდ არჩევნების შედეგების გაყალბებას და შეცვლას ეხებოდა.

„საკითხი, რომ მიცემული ხმების შედეგები შეიძლება შეიცვალოს, მე მგონი, დიდი ხანია, აღარ დგას. პარალელური დათვლებითაც აღმოჩნდა, რომ ისინიც კი ცდებოდნენ უფრო მეტად, ვიდრე საარჩევნო კომისიები“, – განაცხადა ცაგარელმა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მისი აზრით, ცესკო-ს საკითხი ცოტა გაზვიადებულია.

„მესმის, რომ ეს პრობლემა არსებობდა საქართველოში, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია ის ორგანო, რომელიც ხმებს ითვლის. აქ, უბრალოდ, ნდობის პრობლემა იყო და აქედან გამომდინარე, ცალკე მდგომი ორგანოა“, – განაცხადა ცაგარელმა.

მისივე თქმით, უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემებია უზარმაზარი ფინანსები, რომელიც არჩევნებზე იხარჯება ყველა პარტიის მხრიდან და ასევე, იდეების საკმაოდ მწირი კონკურენცია, რაც, მაგალითად, 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ.

„ზოგადი ლოზუნგების გარდა, პრაქტიკულად, არცერთ პარტიას არ ჰქონია არანაირი წინასაარჩევნო დაპირება და გეგმა. ვფიქრობ, ეს საკითხები უფრო პრობლემურია, ვიდრე რაღაც პროცედურული ამბავი, კომისია როგორ დაკომპლექტდება. არ მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. ნებისმიერი დაკომპლექტების შემთხვევაში მოსახლეობა ძალიან კარგად გრძნობს, მისი არჩევანი გაყალბდა თუ არა და ასეც ყოფილა, საქართველოში, და არამხოლოდ საქართველოში, სხვადასხვანაირი მოწყობის კომისიაში მომხდარა რევოლუციაც, გადატრიალებაც, აღიარებაც, ა.შ. ამიტომ, ეს პროცედურული ამბავი შეიძლება, რაღაც მოწესრიგებას ექვემდებარებოდა ფორმალურად და სჭირდებოდა მოწესრიგება, მაგრამ არ შეიძლება, ეს იყოს წამყვანი საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში. ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვის უფრო წამგებიანია. ატაცებული აქვთ მათაც და ჰგონიათ, რაღაც საინტერესოს არიან ჩაჭიდებული, მაგრამ არ მგონია, რეალურად, ხალხისთვის საინტერესოს იყვნენ ჩაჭიდებული“, – განაცხადა სანდო ცაგარელმა.