სანდრო ბრეგაძე - რუსთაველზე მომხდარის გამო, ერთი პიროვნების კი არა, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
სანდრო ბრეგაძე - რუსთაველზე მომხდარის გამო, ერთი პიროვნების კი არა, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

„ქართული მარში“ ითხოვს, მთავრობა გადადგეს და დროებითი მინისტრთა კაბინეტი დაინიშნოს, რომელიც არჩევნებს გაუწევს ორგანიზებას. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ყველაზე რეალური გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და მთლიანად, მთავრობის გადადგომა, ახალი დროებითი მინისტრთა კაბინეტის მიერ ქვეყნის მართვა იმ პერიოდში, როცა უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აუცილებლად იქნება უმართავი პროცესები და შევალთ ქაოსურ სიტუაციაში. არ ვარ ისეთი გულუბრყვილო, დავიჯერო, რომ ბატონმა გახარიამ რამე დამოუკიდებლად გადაწყვიტა. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი კი არა, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია. მოვისმინე საშინელი ფრაზები, რომელიც მიყალიბებს აზრს, რომ ცდილობენ, დაგვაბრუნონ ბაჩო ახალაიას, „მასტერას“, მეგის ქარდავასა და სხვა კაციჭამიების ეპოქაში. სამადაშვილი, ბოკერია, უგულავა და სხვა სისხლისმსმელები უნდა დასხდნენ თურმე და გადაწყვიტონ ამ სისტემის შემოღების შემთხვევაში, რომელი პარტიები შევლენ პარლამენტში ან არ შევლენ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე იმყოფებოდნენ. ბრეგაძის თქმით, „ქართული მარში“ არ დაუშვებს „ღირსების მარშის“ ჩატარებას.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საკმაოდ მრავლად ვნახე რუსთაველის გამზირზე, ცდილობდნენ, რომ მიტმასნოდნენ ახალგაზრდების მიერ დაწყებულ პროცესს და ვნახე ძალიან ცუდი გამონათქვამები ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ“, – განაცხადა ბრეგაძემ.