სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული მარში“ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას არ დაუშვებს
სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული მარში“ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას არ დაუშვებს

„ქართული მარში“ არ დაუშვებს, 8 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგეს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, „მათი მთავარი სამიზნე კინოთეატრი „ამირანი“ იქნება“. კერძოდ, მისი განცხადებით, მარში გეგმავს, მშვიდობიანი ფორმით მოახდინოს კინოთეატრის ბლოკირება. ასევე მისი ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას გააპროტესტებენ რეგიონებშიც.

ამასთან, სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებს, გამოვიდნენ და ხელი შეუშალონ ფილმის ჩვენებას.

„ეს არ არის მხატვრული ღირებულების ფილმი, ეს არის ჩვეულებრივი გეი პროპაგანდა, დაახლოებით ისეთი, როგორსაც იოზეფ გებელსი იღებდა გერმანიაში, საუბარი მაქვს ფაშისტურ პროპაგანდისტულ ფილმებზე. ეს არის გეი პროპაგანდის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ეს არის მამათმავლობისა და სიბილწის პროპაგანდა. კატეგორიულად არ დავუშვებთ მამათმავლების პორნოფილმის პრეზენტაციას ისევე, როგორც აკრძალულია რუსი ოკუპანტების ფილმები. ვფიქრობ, ოკუპანტებზე არანაკლები საფრთხე არის მამათმავლობის პროპაგანდა. 8 ნოემბერს აუცილებლად ჩავშლით კინოჩვენებას, რადგანაც ეს არის თითოეული მართლმადიდებლის და არა მარტო, ჩვენი მუსლიმი ძმებისა და სხვა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეების მოვალეობა, არ დაუშვან ამ ფილმის ჩვენება. ეს არის გეიპრაიდის ორგანიზატორების ერთგვარი რევანში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.