სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ (მეტსახელი – „მგლების ხროვა“) ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბათუმის „დინამოს“ უკვე ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველთან, სანდრო ალთუნაშვილთან კონტრაქტი გააფორმა.

„26 წლის ფეხბურთელი საქართველოს უმაღლესი ლიგის ლიდერიდან, ბათუმის „დინამოდან“ გადმოდის და „ვოლფსბერგერთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ასევე, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ავტომატურად ერთი წლით გაგრძელება. ცენტრალური ნახევარმცველი გუნდში მომდევნო სეზონიდან ითამაშებს. კეთილი იყოს შენი მობრძანება „მგლების ხროვაში“, სანდრო“, – წერია ავსტრიული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ალთუნაშვილი ბათუმის „დინამოში“ 2021 წლის იანვარში „საბურთალოდან“ გადავიდა. მას შემდეგ 97 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. სადებიუტო სეზონში სანდრომ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (პირველი კლუბის ისტორიაში). მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი, ექვსი საგოლე პასი).