სანდრო ალთუნაშვილი - უგულშემატკივროდ თამაში ვარჯიშს ჰგავს #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილი - უგულშემატკივროდ თამაში ვარჯიშს ჰგავს #1TVSPORT

სანდრო ალთუნაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოსა“ და საკუთარი წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა.

ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარებულმა 25 წლის ფეხბურთელმა მთავარ მიზეზად ბათუმში არსებული საფეხბურთო გარემო დაასახელა.

„ჩემს წინსვლაში „დინამომ“ დიდი როლი ითამაშა. პირველ რიგში გამორჩეულმა გულშემატკივრის თანადგომამ იმოქმედა. თავიდან მეტოქეებს გორში ვიღებდით, რადგან ბათუმის სტადიონზე საფარს ცვლიდნენ. რომ დავბრუნდით და ტრიბუნაზე უამრავი ხალხი დავინახეთ, მეც უფრო ავთამაშდი და გუნდიც. საქართველოში რაც გვაკლდა, ის ბათუმშია, ეს გარემო და ატმოსფერო გაიძულებს, უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე შეგიძლია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სანდრო ალთუნაშვილი.

ბათუმელთა 25 წლის ნახევარმცველის თქმით, ბათუმის „დინამო“ ის გუნდია, სადაც ევროპული დონის მოთამაშე გაიზრდება.

„ასეთ პირობებში და გარემოში, რაც ჩვენს გვაქვს, გაზრდა შეიძლება, რადგან ეჩვევი იმ გარემოს, რაც ევროპაშია. უგულშემატკივროდ თამაში ჰგავს ვარჯიშს, ორმხრივ თამაშს, როდესაც არავინ გიყურებს და ემოციები არ გაქვს. თეატრში მსახიობი არ ითამაშებს, მაყურებელი თუ არ მივა – ასეა ფეხბურთიც“.

ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო ნახევარმცველი აღიარებით გახარებულია.

„ჯილდო ძალიან გამიხარდა, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა. საერთოდ, სტატისტიკით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ჩემი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩათ. ეს სტიმულია, რომ მეტი პროგრესი განვიცადო. ეს ჩემი გუნდის, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების დამსახურებაა – რომ არა ისინი, ასეთი წელი არ მექნებოდა“.