სანდრა რულოვსი - რუსი დეპუტატის ჩამოყვანის გამო, ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა და, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუნდებოდა
სანდრა რულოვსი - რუსი დეპუტატის ჩამოყვანის გამო, ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა და, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუნდებოდა

რუსი დეპუტატის ჩამოყვანის გამო, ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა და, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუნდებოდა, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავების საფუძველს ვერ ხედავს.

„აქციის დაშლის დღეს, საქართველოში არ ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვედი. მიმაჩნია, რომ დღევანდელი მთავრობის მიერ ხალხისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის გადაბრალება ხდება, რაც არ გამოუვათ. ეს პოლიტიკური ფიასკოთი დამთავრდება. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კოლაბორაციულ მთავრობასთან, რომელმაც შემოიყვანა რუსი დეპუტატი ჩვენს პარლამენტში.

ამის გამო, ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა და, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუნდებოდა. ეს ყველაფერი ხალხთან ერთად და ხალხის ძალით ხდებოდა. შეიძლება, მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც ამის შემდეგ და მანამდე მოხდა, ეს ორივე, რაც გავრილოვის შემოყვანით და მერე რაც გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა.

მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს რაღაც ადმინისტრაციული დარღვევა იყოს, მაგრამ რუსი დეპუტატის პარლამენტში შემოყვანა ეს ღალატია. მერე ხალხის და ახალგაზრდების დასჯა იმ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ, ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, თვალები დაკარგა და დაინვალიდდა, ეს ათასჯერ უფრო მძიმეა. მოდი, ვნახოთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.