სანდრა რულოვსი - საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან
სანდრა რულოვსი - საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან

გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სახლთან, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, პროტესტის ტალღა უკვე დაწყებულია და გუნდთან ერთად ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმა.

„გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელს ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სახლთან. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი, რადგან მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, რადგან არ შეუძლია, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველანი ერთად უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენს მეგობრებთან, გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება. ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის გადარჩენა“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, ბრძოლაში არ არის მარტო, მის გვერდით დგანან სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები.

„ვისაც უნდა ამ ბრძოლაში რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდება. საქართველოს ჰყავს ერთ მტერი, ეს არის ივანიშვილი და მის სასახლესთან დამთავრდება ეს საპროტესტო ტალღა, ერთი მიზნით, რომ დაგვანებოს თავი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა სანდრა რულოვსს ნიკა მელიას განცხადებაზეც ჰკითხეს, სადაც მელია საუბრობდა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ყველას აქვს თავისი არჩევანი.

„არ მომისმენია, მარტო გამიგია და მინდა ვთქვა, ყველას აქვს თავისი არჩევანი. მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. რაც მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.