სან მარინოში დღესასწაულია - ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა გოლი გაიტანა
სან მარინოში დღესასწაულია - ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა გოლი გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჯუჯა სახელმწიფოს, სან მარინოს ნაკრებმა ყაზახეთს უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად, ეს მატჩი სან მარინოში ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულში გადაიზარდა. საქმე ისაა, რომ პატარა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს საკუთარ კედლებში ბოლო ექვსი წელია, გოლი არ გაუტანია.

ბურთი 77-ე წუთზე მარკო ბერნარდიმ გაიტანა და ექვსწლიან პაუზას წერტილი დაუსვა.

სან მარინო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ასევე ტერიტორიის ფართობის გათვალისწინებით.

უკანასკნელი აღწერის მიხედვით, სან მარინოში 33 422 ადამიანი ცხოვრობს, ქვეყნის ფართობი კი სულ რაღაც 61 კვადრატული კილომეტრია. შედარებისთვის, ყაზახეთის ფართობი 2 724 902 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობის რაოდენობა კი 18 მილიონს აჭარბებს.