სამველ კარაპეტიანი აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს
სამველ კარაპეტიანი აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს

რუსი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების გაკეთების ბრალდებითაა დაკავებული, აცხადებს, რომ „პოლიტიკური ძალის“ შექმნას აპირებს.

„ჩვენ პრინციპულად ახალ პოლიტიკურ ძალას ვქმნით“, – განაცხადეს კარაპეტიანის პრესსამსახურში.

როგორც კარეპეტიანი აცხადებს, ის პატივს სცემს ოპოზიციას, რომელიც ამ დრომდე იბძროდა „ნიკოლ ფაშინიანის ანტიეროვნულ რეჟიმთან“, თუმცა მას „სომხეთის კეთილი მომავლის აშენების საკუთარი ხედვა აქვს“.

„ჩვენ ამ გზით წავალთ ჩვენს ახალ გუნდთან ერთად. ამასთან, არ გამოვრიცხავთ შიდაპოლიტიკურ თანამშრომლობას თანამოაზრეებთან. შევეცდებით, გავაერთიანოთ ჩვენი ერი სამართლიანი და დიადი მიზნის გარშემო. ჩვენ უარვყოფთ ხელოვნურ დაყოფას, რომელსაც ეს ხელისუფლება ახვევს თავს საზოგადოებას, რითიც ჩვენი ქვეყანა სუსტდება“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

სამველ კარაპეტიანი, რომელიც სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენია, ივნისში დააკავეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავად ბიზნესმენი მისთვის წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. კარაპეტიანის დაკავების შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ მისი კუთვნილი კომპანიის, „ტაშირის“ ბიზნესსაქმიანობის შემოწმება დაიწყო. გარდა ამისა, ხელისუფლებამ კარაპეტიანის კომპანიის მფლობელობაში არსებული „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციის პროცესი წამოიწყო.