სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის მე-12 სკოლა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა. სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მიერ 3,9 მილიონი ლარით ფინანსდება.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

„330 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას“, – აცხადებენ სამინისტროში.