სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი - მოვუწოდებთ ახალგაზრდობას, სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ ორგანიზაციაში გაწევრიანებას
სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი - მოვუწოდებთ ახალგაზრდობას, სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ ორგანიზაციაში გაწევრიანებას

სამტრედიაში გარდაცვლილ შაკო ბარამიძეს სოფელ მთისძირში დღეს დაკრძალავენ. მეზობლების თქმით, ოჯახი ცდილობს, რომ მიცვალებულს წესი ორმოცამდე აუგონ.

ოჯახმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, დაკრძალვის თარიღის გადადებასთან დაკავშირებით.

შაკო ბარამიძის მშობლებისა და ოჯახის საგანგებო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

​„პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი, გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.