სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საგამოძიებო ორგანო პოლიციელს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.

„დავამტკიცეთ, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე არის უდანაშაულო. უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა“, – აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

შეგახსენებთ, სამტრედიელი დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა.

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.