„სამტრედიაში“ დიდი საკადრო სიახლეებია - გუნდი კამერუნელმა თავდამსხმელმაც დატოვა #1TVSPORT
„სამტრედიაში“ დიდი საკადრო სიახლეებია - გუნდი კამერუნელმა თავდამსხმელმაც დატოვა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება განაახლა. ჩრდილომაკედნიელმა სპეციალისტმა, დიმიტარ კაპინკოვსკიმ გუნდი თბილისში შეკრიბა და „ნიუ ვიჟენში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიის სტადიონზე ავარჯიშებს.

გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამტრედია” დატოვეს გიორგი კორიფაძემ, ბაქარ მირცხულავამ, შალვა ექვთიმიშვილმა, ირაკლი კამლაძემ, ირაკლი ზარიძემ და ბაქარ ლაღაძემ.

გუნდის ხელმძღვანელობა სირილ ჩამბასაც დაემშვიდობა, რომელსაც გუნდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ფეხბურთელმა გადაწყვიტა, „სამტრედია” დაეტოვებინა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

25 წლის კამერუნელი თავდამსხმელი „სამტრედიაში“ 2022 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სამტრედიელებმა 2022 წელს პლეი ოფის მატჩი ბოლნისის „სიონთან“ მისი დუბლით მოიგეს (2:0) და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.

ეროვნულ ლიგაში 19 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 11 ქულა დააგროვა, „თელავთან“ ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს და ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.