„სამტრედიის“ იტალიელი მწვრთნელი - საქართველოში ბევრი ტალანტია, ტექნიკურები არიან, მაგრამ ფიზმომზადება აკლიათ #1TVSPORT
„სამტრედიის“ იტალიელი მწვრთნელი - საქართველოში ბევრი ტალანტია, ტექნიკურები არიან, მაგრამ ფიზმომზადება აკლიათ #1TVSPORT

„სამტრედიის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ეუჟენიო სენამ პირველ არხთან ქართული კლუბების და მოთამაშეების პოტენციალზე და პრობლემებზე ისაუბრა.

„მესამე წელია, ქართულ ფეხბურთს ვაკვირდები. სამეგრელოში „იუვენტუსის“ აკადემიის პროექტზე ვმუშაობდი. ასევე, შოტლანდიის პრემიერლიგაში სამწვრთნელო საქმიანობის დროს საქართველოს ეროვნული ლიგის მოთამაშეებს ვაკვირდებოდი და დაინტერესებულ კლუბებს მათზე ინფორმაციას ვაწვდიდი.

საქართველოში ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები არიან და ევროპაში თამაში ბევრ მათგანს შეუძლია. ქუჩაში უამრავი ბავშვი თამაშობს, რაც მათ უნარებისა და შემოქმედებითობის განვითარებაში ეხმარება. ამავე დროს ვხედავ, რომ ქართველი ბიჭები თამამები, შრომისმოყვარეები და მოტივირებულები არიან, რაც დიდი პლუსია.

ამავე დროს, თვალში საცემია გამძლეობის, სისწრაფისა და ინტენსივობის პრობლემები. ადრეულ ასაკში ევროპაში გადასულ ფეხბურთელებს ამიტომ უჭირთ, ხოლო ევროპული გუნდები ქართველების დამატებას ერიდებიან. მაგალითად, შოტლანდიურ კლუბში ქართველები ამის გამო ვერ მოხვდნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „სამტრედიის“ მწვრთნელმა.

43 წლის ეუჟენიო სენას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს უნგრული „დებრეცენის“ აკადემიაში დაიწყო, სადაც სკაუტების განყოფილებას ეხმარებოდა. მერე იყო ავსტრალიაში სიდნეის „ფრეიზერ პარკი“ და „დანბარ როვერსი“, „იუვენტუსის“ აკადემია (სპორტული კოორდინატორი, მთავარი სკაუტი და საფეხბურთო დეპარტამენტის უფროსი), „კიევო ვერონა“, „იოვილი“, „ობილიჩი“, საუდის არაბეთის „ალ-ფაისალი“. ეუჟენიო სენა შარშან წალენჯიხაში გამართულ „იუვენტუსის“ კემპზე „იუვეს“ მწვრთნელი იყო.