„სამტრედიამ“ მოიგო და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა
„სამტრედიამ“ მოიგო და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-14 ტურის მორიგი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხი – არენაზე“ გაიმართა – საჩხერეს „ჩიხურამ“ „სამტრედია“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრის ბედი მატჩის მიწრულს გადაწყდა. საჩხერელთა საჯარიმოში მოგერიებული ბურთისთვის ლუკა იმნაძე და გიორგი ბერეზოვი იბრძოდნენ. „სამტრედიას“ შემტევი წაიქცა – მთავარმა არბიტრმა „ჩიხურას“ კარში პენალტი დანიშნა, რამაც ძალიან დიდი კამათი გამოიწვია, მაგრამ გიორგი ავაზაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, პენალტი კი სტუმართა გამოცდილმა მცველმა, ლაშა თოთაძემ უნაკლოდ გამოიყენა და „სამტრედიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 0:1.

ამ მოგებით „სამტრედიამ“ 16 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონაში „თელავი“ (15) დააქვეითა. „ჩიხურა“ კი აუტსაიდერთა ზონაშია – საჩხერელები 6 ქულით ისევ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე დარჩნენ და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე რთულ მდგომარეობაში არიან.