„სამტრედიამ“ „მერანი“ დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა
„სამტრედიამ“ „მერანი“ დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მორიგ შეხვედრა სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართა – „სამტრედიამ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში მე-5 წუთზე „სამტრედიამ“ გახსნა – ლუკა იმნაძის გადაცემით სტრაჰინია პავიშიჩმა – 1:0. მე-20 წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – მეკარესთან პირისპირ გასული ლუკა იმნაძე კახაბერ კაკაშვილმა მოცელა და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. ამით „სამტრედიამ“ სწრაფად ისარგებლა და 29-ე წუთზე მეორეც გაიტანა – ნათან ჟუნიორის პასის შემდეგ, მეტოქის კარი სამუელ ინკუმმა აიღო – 2:0.

საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა, „სამტრედიამ“ 2:0 მოიგო, 15 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა, მეექვსეადგილოსან „თელავს“ დაეწია და საგრძნობლად დაშორდა აუტსაიდერთა ჯგუფს, სადაც „მერანი“ უიმედოდ ჩარჩა – გუნდი 6 ქულით, მეცხრე ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.