„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, „სიონი“ ლიგა 2-ში გავარდა [ვიდეო] #1TVSPORT

„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

„თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართული მატჩი სტუმრებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო – სამტრედიელებმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნეს. ლევან ხმალაძის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში სირილ ჩამბამ მიიღო და ეფექტური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

იმერული კლუბის კამერუნელი თავდამსხმელი მატჩის გმირი გახდა. 74-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და შორეული გადაცემით ჩამბა მოძებნა, რომელიც მოედნის ცენტრიდან ორ მცველს და მერე მეკარესაც გაექცა და ზუსტი დარტყმით „სამტრედიას“ უპირატესობა გაზარდა – 2:0.

90+7-ე წუთზე „სიონის“ მცველი თემურ ბექაური ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს და ყველაფერი დასრულდა – „სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონს“ პლეი ოფის ორივე მატჩი მოუგო (1:0, 2;0) და ეროვნულ ლიგას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლნისური კლუბი კი მომავალ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს.

ეროვნული ლიგის მეორე საგზურის მფლობელი ხვალ, 12 დეკემბერს, „სპაერისა“ და „გაგრას“ საპასუხო მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელიც თბილისში, „სპაერის“ სტადიონზე“, 13:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი „გაგრამ“ 2:0 მოიგო.