სამთო მომზადების სკოლა ზაფხულის საბაზისო კურსს მასპინძლობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. კურსში ცხრა ქვეყნიდან – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთის, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მონაწილეები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას ეუფლებიან. კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებსაც ეცნობიან.

სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ და ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსზე მონაწილეობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაეწევათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 16 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების კურსები რეგულარულად ტარდება.