„სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება
„სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება

„სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტის წინაშე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარდგება. მინისტრი გასულ წელს შეაფასებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მინისტრის მოხსენება იქნება კომპლექსური, დეპუტატებს კი საშუალება მიეცემათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მისი მოხსენება შეეხება როგორც გასული წლის შედეგების შეფასებას, ასევე მიმდინარე წლის გეგმებს, რომელიც მოიცავს როგორც თვითმმართველობის რეფორმის მიხედვით განვითარებას, ისე დეცენტრალიზაციის საკითხებს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ინფრასტრუქტურის მინისტრთან კითხვები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ანაკლიის პორტი და რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობა, ის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლის შესახებაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე მაია ცქიტიშვილს კითხვებს დაუსვამს.

„ევროპულ საქართველოს” ინფრასტრუქტურის მინისტრთან აქვს მთელი რიგი კითხვები, რომლებიც უკავშირდება ანაკლიის პორტს, რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის ტემპებს, გამოუძიებელ კორუფციულ საქმეებს და ასეულობით მილიონ გახარჯულ თანხას“, – განაცხადა ოთო კახიძემ.