სამთავრობო პროგრამით, 2024 წლამდე დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი
სამთავრობო პროგრამით, 2024 წლამდე დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2024 წლამდე დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი.

ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა. მთავრობა აღნიშნავს, რომ ავტობანის, ხიდებისა და გვირაბების აშენების შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება, ხოლო მგზავრობის დრო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე 8 საათის ნაცვლად, 4-4.5 საათი გახდება.

მათი ცნობით, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთის, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა და დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. ასევე დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ განხორციელდება 1500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მთავრობა აღნიშნავს, რომ 2024 წლამდე, დაახლოებით 2 850 000 აბონენტს, საქართველოს მოსახლეობის 77%-ს, ექნება გამართული წყალმომარაგება.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიარდამდე ლარის ინვესტირება განხორციელდება. საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება“, – ნათქვამია დოკუმენტში.