სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
დოკუმენტში საუბარია როგორც კორონავირუსზე, ასევე პანდემიის კუთხით არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიშის დიდი ნაწილი ოკუპაციასა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.
სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის მუშაობას პანდემიის გამკლავების კუთხით უარყოფითად აფასებენ. ოპოზიციას კითხვები აქვს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებითაც.
„ძალიან საინტერესო იქნება ამ ანგარიშის მოსმენა, რადგან რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი ღარიბაშვილი პირველი პრემიერობის დროს თითქმის ვერაფრით დავიმახსოვრეთ. ვხედავთ, რომ პანდემიას ვერაფერი მოუხერხეს და არანაირი მენეჯმენტი არ მოხერხდა. ვაქცინების შემოტანაზე ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ვერაფერი ხერხდება. ეკონომიკა სრული კრახის წინაშე დგას. ქვეყანაში ტურიზმი ვერ იხსნება და ვერსად მიდის ეს მიმართულებაც. ამიტომ რაზე უნდა ისაუბროს ბატონმა ღარიბაშვილმა, საინტერესოა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდება და წარმოდგენილი სამთავრობო ანგარიში მათთვის მისაღებია.
„ბუნებრივია, რომ საქართველოს პრემიერი, რომელიც სულ რამოდენიმე თვეა, ავირჩიეთ მთავრობის მეთაურად, საკმაოდ აქტიურად ეწევა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. თქვენ ხედავთ, რომ თითქმის მთელ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვიზიტები განახორციელა საკმაოდ წარმატებულად. ასევე, ქვეყნის შიგნით მოხდა მობილიზება, როგორც ვაქცინაციის, ასევე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრებს პრემიერი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ბუნებრივია, გვექნება კითხვები. ჯერ მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრს სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით და ამის შემდგომ გვექნება კითხვები, მოლოდინები, როგორი არის მთავრობის ხედვა და პრემიერის ხედვა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ თარიღს ბიურო დღეს განსაზღვრავს.