სამსონ ქუთათელაძის საქმის მოსამართლემ მკვლელობის ადგილი დაათვალიერა [ფოტო/ვიდეო]

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის განმხილველი მოსამართლე მადონა მაისურაძე დღეს მკვლელობის ადგილზე მივიდა.

მოსამართლემ მტკიცებულებების, კერძოდ, შემთხვევის ადგილის გამოკვლევა-დათვალიერება ადგილზე განახორციელა.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, მოსამართლესთან ერთად, პროკურორები, ბრალდებულის ადვოკატები და მოკლული სამსონ ქუთათელაძის ვაჟი იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გიორგი ჭანტურია 2018 წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.