სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი წარედგინა
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი წარედგინა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ედავება – განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაცვის მხარეს მტკიცებულებები მხოლოდ ახლა გადაეცა.

კობაიძის თქმით, ბრალდებული მზად იყო გამოძიებისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა გამომძიებელმა დაკავებულის უფლებები დაარღვია და ისე წავიდა, ბრალდებულის პოზიციით არ დაინტერესებულა.

ადვოკატი გიორგი ჭანტურიას დეტალურ გამოკითხვას ითხოვს და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას მიმართავს.

გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო ხვალ, 14:00 საათზე იმსჯელებს.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.