სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი და ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი და ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ანი კეკენაძე და მისი და მარიამ ჭანტურია სამართალდამცავ უწყებებს მოწმეებსა და ჭანტურიას ოჯახის წევრებზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებენ.

კეკენაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ს და პროკურატურას მიმართა, დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.

„რვა თვის განმავლობაში აყალბებდნენ მტკიცებულებებს და ამის საფუძველზე დააკავეს ჭანტურია. უსმენდნენ ოჯახის წევრებს და ნაცნობებს. უკანონო ქმედებები მიდის, შანტაჟი და მუქარა ჩემთან დაკავშირებითაც არ.

ცდილობენ, ჩემი სანდოობა დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ. მათ ყოველგვარი ზღვარი გადალახეს და ყველაფერს აკეთებენ, მოწმეებზე ზეწოლა და შანტაჟი რომ განახორციელონ. მათ ემუქრებიან და აშანტაჟებენ, რომ მათი ახლობლებს სამსახურიდან გააგდებენ და ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას გაასაჯაროებენ. ჭანტურიას დის ოჯახს ემუქრებიან. დაიკითხა იარაღებთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც გაიგეს მარიამის პოზიცია, რომ მას არ უნახავს იარაღები სახლში, მის მიმართ ზეწოლა იყო, რომ აქვთ ვიდეო-აუდიო მასალები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რასაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

ჭანტურიას მეუღლეს ეუბნებოდნენ, რომ მის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელის გამტეხ ინფორმაციას გაასაჯაროებდნენ და განაწყობდნენ მეუღლის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მოწმე მუშაობს შსს-ში და მას სთხოვდნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას“, – აცხადებს ადვოკატი.

გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია კი აცხადებს, რომ მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.

„ის მასალები, რომელიც გამოძიების დროს ფარულად მოიპოვა საგამოძიებო უწყებამ და საქმესთან შემხებლობაში არ არის, კანონით, უნდა განადგურებულიყო. როგორც ჩანს, ეს არ გააკეთეს. გიორგის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ემუქრებიან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა სხვადასხვა სერვერის დახმარებით მოხვდება ინტერნეტსივრცეში. მოწმეებს სთხოვენ ცრუ ჩვენების მიცემას. მივმართეთ ყველა უწყებას, სახალხო დამცველს, გენინსპექციას, გამოძიებული იყოს ზეწოლის ფაქტები“, – აცხადებს მარიამ ჭანტურია.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.