სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება
სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ერთ მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, 200 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, 500 ლარის ნაცვლად.

პროექტში ნათქვამია, რომ თუ ამ სახის ნარჩენების რაოდენობა ერთ მეტრ კუბს უტოლდება ან აღემატება 10 მეტრ კუბს, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით, 500 ლარის ნაცვლად, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა, 1500 ლარის ნაცვლად, 3000 ლარს შეადგენს.

„მოცემული ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სამმაგდება, განსხვავებით იურიდიული პირებისთვის დაწესებული გაორმაგებული ჯარიმისგან. ამგვარი მოწესრიგება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო მეტად ფიზიკური პირები ჩადიან, მათი მხრიდან დარღვევის სიხშირე მეტია. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია, სანქციის ამ ოდენობით გაზრდა ფიზიკური პირებისთვის“, – განმარტავენ დეპუტატები.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, 10 მეტრი კუბიდან 50 მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სახეზეა 50 მეტრი კუბი ან 50 მეტრ კუბზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ასეთ დროს ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა – 15000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 30000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.