სამშენებლო კომპანიების ნაწილმა, რომელიც მერიამ გააფრთხილა, ხარვეზების გამოსწორება დაიწყო
სამშენებლო კომპანიების ნაწილმა, რომელიც მერიამ გააფრთხილა, ხარვეზების გამოსწორება დაიწყო

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გაფრთხილებული კომპანიების განცხადებით, ხარვეზების გამოსწორება უკვე დაიწყეს.

“პირველი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ზოგიერთ ობიექტზე სამშენებლო პროცესიც კი შეჩერდა.

ობიექტების ძირითად ნაწილს არ  ჰქონდა ჭიშკარი, რაც აუცილებელია, რათა მშენებლობებზე უცხო პირი არ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, შენობებში საჭირო გახდა ლიფტის შახტის უკეთ დალუქვა, ასევე შემოსაზღვრულ ადგილებზე ტიხრების დაყენება.

“მოამბე” რამდენიმე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხარვეზები მათ ობიექტებზე ნამდვილად იყო და გამოსწორებას მითითების მიღებიდან, მეორე დღესვე შეუდგნენ.

„5 დეკემბერს მოვიდნენ ზედამხედველობიდან და დაგვევალა გარე პერიმეტრის შემოღობვა, ღიობების ამოქოლვა და ლიფტის შახტის დალუქვა“, – განაცხადა “მოამბესთან” საუბარში შპს „ბილდ გრუპის” ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ფუტკარაძემ.

სამშენებლო კომპანია „ირს თაუერის“ მფლობელის, სამირ ახმედოვის განცხადებით კი, ზედამხედველობის სამსახურმა ხარვეზების გამოსწორების ვადა 13 დეკემბრამდე მისცა.

მერიის  ზედამხედველობის სამსახურმა 100-ზე მეტი ობიექტი სიტყვიერად გააფრთხილა, ხოლო 70-ზე მეტ ობიექტს მითითება მისცა.