სამშენებლო კომპანია „ათორის“ დაზარალებულებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
სამშენებლო კომპანია „ათორის“ დაზარალებულებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანია „ათორის“ მიერ დაზარალებულებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. ბინათმესაკუთრეები კომპანიის ხელმძღვანელს, ბესიკ თხელიძეს თაღლითობასა და მათი კუთვნილი თანხების მიტაცებაში ადანაშაულებენ.

დაზარალებულებისა და მათი ადვოკატის განცხადებით, ბესიკ თხელიძემ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები აუშენებელ კორპუსებში მიჰყიდა, ამის შემდეგ კი ვალდებულებები არ შეასრულა და მათი თანხები მიისაკუთრა.

როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, ერთი და იგივე ბინა კომპანიის დირექტორს რამდენიმე ადამიანზე ჰქონია გაყიდული. მათი ინფორმაციით, ამ თაღლითური სქემით 100 ოჯახზე მეტი დაზარალდა. მოქალაქეები პროკურატურას ბესიკ თხელიძის დაუყოვნებელ დაკავებასა და მისგან ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. მათ დღეს პროკურატურაში თხელიძის წინააღმდეგ წერილიც შეიტანეს.