სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ გიორგი ჩიკვაიძესთან და ირაკლი პაპიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ გიორგი ჩიკვაიძესთან და ირაკლი პაპიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ გიორგი ჩიკვაიძესთან და ირაკლი პაპიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ელთ ბილდინგი“ კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება.

„სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი ჩიკვაიძის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკური და სამართლებრივი მანიპულაციები კრახით დასრულდა. თაღლითობაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 11 მარტს დააპატიმრეს.

საქმე ეხება გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ წინასაწარ მომზადებულ თაღლითურ გარიგებებებს. მსხვილი თაღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება. სამართლებრივი პროცესი ლოგიკური ფინალით დასრულდა. გიორგი ჩიკვაიძეს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დავის დაწყებიდან პატიმრობამდე, სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი ჩიკვაიძემ სხვადასხვა გზებით სამართლებრივ ველში საკუთარი პოზიციების გამყარება სცადა, თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც თაღლითობაში ბრალდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ გაიაზრა, რომ სამართლის აღსრულება გარდაუვალი იყო, პოლიტიკური მანტია მოისხა და ოპოზიციური მედიასაშუალებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, აკეთებდა ყალბ განცხადებებს საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობითაც, თითქოს მას, როგორც ბიზნესსუბიექტს ხელისუფლება დევნიდა და ავიწროებდა. პოლიტიკური აქტივობის მიზანი კი, სავარაუდოდ, დეპუტატის მანდატისა და, შესაბამისად, ხელშეუხებლობის მოპოვება იყო. პოლიტიკური კარიერის შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გიორგი ჩიკვაიძემ სცადა ტელევიზიებსა და ციფრულ მედიაში „დაზარალებულის“ იმიჯი შეექმნა. მან თაღლითურად მითვისებული თანხით ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოება სცადა, თუმცა „ელთ ბილდინგის“ იურისტებმა საქმის მასალები ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ფიგურას გაუგზავნეს. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი ყველა პარტიამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

გიორგი ჩიკვაიძემ თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საელჩოებსაც მიმართა. კომპანია „ელთ ბილდინგის“ იურისტებმა რეალური სურათი საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას გააცნეს. ჩიკვაიძეს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რის შემდეგაც მან ქვეყნიდან გაქცევა დაგეგმა, რაც ასევე წარუმატებლად დასრულდა. ცნობისთვის, 2012 წელს მისი ძმაც, საკუთარი სტუმარის დაჭრის გამო, სომხეთში მიმალვაში იმყოფებოდა.

კომპანია „ელთ ბილდინგი“ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თაღლითური სქემის დეტალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია „ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს, რისთვისაც კომპანია „ელთ ბილდინგმა „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმის“ ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციიის დროს „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანია „ელთ ბილდინგის“ მენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ შეძენილი იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, თურქეთის წყლებში იმყოფებოდა და დამკვეთი კუთვნილ იახტას ოქტომბრის თვეში მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია „ელთ ბილდინგმა“ თანხა გადაიხადა, რეალურად არ არსებობდა.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშილი კომპანია „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორს, ვალერი გურგენაძეს იახტის შეძენის შეთვაზებით 2022 წლის აგვისტოს თვეში დაუკავშირდნენ. მხარეებს შორის კომუნიკაცია, კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელების ინიციატივით, მას შემდეგ შედგა, რაც კომპანია „ელთ ბილდინგმა“ ქ. ბათუმის მერიასთან ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში იახტკლუბის მოწყობის შესახებ ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნით, ფოტორენდერები საიტსა და სოციალულ ქსელებში განათავსა.

ცნობისთვის, კომპანია „ელთ ბილდინგი“ ქ. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. კომპლექსის მდებარეობა კი იძლევა იახტკლუბის მოწყობის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკის განვითარებას. კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსში ფართების შეძენა სურდათ. სწორედ ამ მიზნით შედგა პირველი კომუნიკაცია, რის შემდეგაც გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის“ მენეჯმენტს იახტების ჩამოყვანა შესთავაზეს. განხორციელდა შეხვედრა „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელთან, ელგუჯა თურმანიძესთანაც.

ბიზნესგარიგება ურთიერთსასარგებლო პირობების გათვალისწინებით წარიმართა. რაც გულისხმობდა, რომ „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ „ელთ ბილდინგს“ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ჩამოუყვანდა იახტას, რომელსაც იჯარის ხეშეკრულებით ისევ „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ აიღებდა მართვაში და ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა თავად „ელთ ბილდინგს“. მხარეებს შორის კომუნიკაციის პერიოდში, „ელთ ბილდინგის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ საქმიანობა. იმ დროს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ გიორგი ჩიკვაიძე იყო. კომპანას არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები და არ ედო ყადაღა. ამასთან ერთად, მოხდა ორგანიზაციის შესწავლაც. კომპანიის საქმიანობა არ ბადებდა ეჭვებს, ამიტომ შპს „ელთ ბილდინგმა“ გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანისთან თანამშრომლობა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე კი შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და საქმიანი კომუნიკაცია. ნდობის განმტკიცების მიზნით, კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებლისა და კომერციული დირექტრის საფრანგეთში ვიზიტი უზრუნველჰყვეს, სადაც შეირჩა მისაღები მოდელი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ იტალიურ მწარმოებელზე შეაჩერა ყურადღება და „ელთ ბილდინგის“ მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ გაცილებით დაბალ ფასად შეიძენდა იახტას, რადგან მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა. კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმის“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგს“ ყალბი ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს.

2023 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანიის მფლობელებმა ჯერ განაცხადეს, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, შემდეგ კი დამკვეთს აუწყეს, რომ იახტა დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთების მიზნით უკან დააბრუნეს. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი კომპანია „ელთ ბილდინგთან“ დამატებით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. კომპანია „ელთ ბილდინგი“ კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმას“ პერიოდულად იახტის შეძენის დამადასტურებელ დოკუმეტაციას სთხოვდა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიამ ვერ შეძლო. კომპანიის მფლობელებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და „ელთ ბილდინგის“ მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ. მას შემდეგ, რაც იგრძნეს რეალური საფრთხე, რომ „ელთ ბილდინგი“ მზად იყო, აღეძრა სარჩელი შესაბამის ორგანოებში თაღლითობის ფაქტზე, 2023 წლის იანვარში დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, დარჩენილი ნაწილის დაბრუნება კი მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა.

აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე მსხვილი თღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა. სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგი“ კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.