სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სამი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცეს

11:12, 03.04.2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამი საჯარო მოხელე მისცა პასუხისგებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მოვალეობები არასათანადოდ შეასრულეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები – არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს.

შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა,  გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების  მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მსგავსი