თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება
თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება

სამოქალაქო თაღლითობის საქმის განხილვისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება.

ტრამპის საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია ადამიანი ან რამდენი ფული აქვს, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას.

სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ეს თაღლითობაა. ეს მოტყუებაა. უბრალოდ რომ იცოდეთ, ჩემი ფინანსური ანგარიშგება ფენომენალურია“ – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია შეიძლება, იძულებული იყოს, დათმოს კონტროლი თავის საკუთრებაზე ან გაყიდოს ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა. ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ითხოვს 250 მილიონი დოლარის ჯარიმას და ტრამპის მშობლიურ შტატში ბიზნესის კეთების აკრძალვას. მოსამართლემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი სიმდიდრის არაერთგზის არასწორად წარმოდგენით ტრამპმა თაღლითობა ჩაიდინა.