„სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმის მერიის გამოცხადებულ მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ასაჩივრებს
„სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმის მერიის გამოცხადებულ მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ასაჩივრებს

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ მილიონ 100 ათასზე მეტი ღირებულების ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ასაჩივრებს. საუბარია ტენდერზე, რომელიც მერიამ 18 მარტს ბათუმის სივრცითი დაგეგმარების პროექტის შესაქმნელად გამოაცხადა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ დოკუმენტაციაში დარღვევებია როგორც სამართლებრივი, ასევე შინაარსობრივი კუთხით და მისი შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ სატენდერო პირობები სასურველ კომპანიაზე წინასწარ მორგებულია.

გენრი დოლიძე ამტკიცებს, რომ საკონკურსო დოკუმენტაცია შედგენილია არა ახალი, არამედ ძველი კანონმდებლობის შესაბამისად.

„ვერ დავუშვებთ, რომ ფუჭად გადაიყაროს ბათუმის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, უსარგებლო და არაკომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად მაშინ, როცა ურბანული განვითარების კუთხით სახიფათო გამოწვევების წინაშე ვდავართ“, -აცხადებს გენრი დოლიძე.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ბათუმის მერიაში, სადაც აცხადებენ, რომ ტექნიკური დავალება მომზადდა ექსპერტ-არქიტექტორის მიერ და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთგზის ჩატარდა საჯარო განხილვა.

„განხილვაზე მოწვეული იყვნენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. დოკუმენტი დასკვნისთვის ასევე გადაიგზავნა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში და ასევე სხვადასხვა მსხვილ არქიტექტურულ კომპანიებში, საიდანაც მერიამ მიიღო დადებითი დასკვნები“, – განაცხადეს ბათუმის მერიაში.