სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურებ პირებზე კომპენსაციების გაცემის წესი იცვლება
სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურებ პირებზე კომპენსაციების გაცემის წესი იცვლება

სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურებ პირებზე კომპენსაციების გაცემის წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 7 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომპენსაცია სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურებ იმ პირებზე გაიცემა, ვინც სახელმწიფო კომპანიებში 2005 წლის პირველ იანვრამდე დაფრინავდნენ.

კერძოდ, ცვლილებებით, კომპენსაციის ოდენობა იქნება: ხომალდის ყოფილი მეთაურისთვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების ორასმეორმოცედის 10 ლარზე ნამრავლი; ყოფილი მეორე პილოტისთვის, შტურმანისთვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისთვის, „ან-2“-ის მეთაურისთვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების ორასმეორმოცედის 5 ლარზე ნამრავლი; ყოფილი ბორტგამცილებლისთვის, ბორტრადისტისთვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების ორასმეორმოცედის 2 ლარზე ნამრავლი; ასევე ყოფილი ბორტაეროლოგისთვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისთვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისთვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია, რომელიც პროგნოზირებს, რომ ახალი წესის შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დაახლოებით 7535 ლარი გამოიყოფა, რაც მთავრობის ცნობით, წელიწადში 90 420 ლარს შეადგენს.

კანონპროექტში საუბარია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც და ნათქვამია, რომ სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირებისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დაახლოებით 7535 ლარი გამოიყოფა, რაც მთავრობის ცნობით, წელიწადში 90420 ლარს შეადგენს.