სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ ახალ წესებში ასახულია ყველა კრიტერიუმი, რაც საერთაშორისო დონეზე არეგულირებს ფრენის სტანდარტებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ ახალ წესებში ასახულია ყველა კრიტერიუმი, რაც საერთაშორისო დონეზე არეგულირებს ფრენის სტანდარტებს

გუშინდელ მთავრობის სხდომაზე მოხდა პარაპლანით ოპერირების დროებითი წესების შემუშავება, ეს ხელს შეუწყობს პარაპლანით უსაფრთხო ოპერირებას. აღნიშნული წესების შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე კონსულტაციას გავდიოდით პარაგლაიდინგის საერთაშორისო ფედერაციასთან, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, წესებში მეტ-ნაკლებად ასახულია ყველა ის კრიტერიუმი, რაც საერთაშორისო დონეზე არეგულირებს პარაპლანით ფრენით ოპერირებას.

„ერთი თვის ვადაა განსაზღვრული, როდესაც უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებები შევა საქართველოს საჰაერო კოდექსში, ასევე შევა ცვლილებები სხვადასხვა უწყების მხრიდან. რაც შეეხება შემოწმებას, ავიაციაში შემოწმების პერიოდულობის სტანდარტი არ გვაქვს, ჩვენ ვახორციელებთ დაუგეგმავ შემოწმებას მაშინ, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ და არანაკლებ წელიწადში ორ-სამჯერ. შემოწმება განხორციელდება იმაზე ხშირად, ვიდრე სხვა სექტორში. თუ დაფიქსირდება პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გვაქვს ბერკეტები, რომ შევაჩეროთ პარაგლაიდინგის ფედერაციის საქმიანობა ან შევწყვიტოთ პარაგლაიდინგის ფედერაციის საქმიანობა საერთოდ. შესაბამისად, თუ ჩვენი მხრიდან შეჩერება მოხდება მათი საქმიანობის, მოხდება ფრენების აკრძალვაც, ვიდრე არ იქნება აღმოფხვრილი შესაბამისი ხარვეზები. ძირითადი მარეგულირებელი ამ შემთხვევაში გახლავთ პარაგლაიდინგის ფედერაცია, ზედამხედველია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. აღსრულების ნაწილში ზედამხედველობას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

8 მაისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.