სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე კვირის ფრენის განრიგებს საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად განაახლებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე კვირის ფრენის განრიგებს საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად განაახლებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს მიმდინარე კვირის ფრენის განრიგების ყოველდღიურ განახლებას საკუთარ ვებგვერდზე.

ვინაიდან ვითარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება, სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს, ხშირად გადაამოწმონ ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გადამყვან ავიაკომპანიასთან და შესაბამისი აეროპორტის ვებგვერდზე.