სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 69%-ით, ხოლო ფრენები 70%-ით აღდგა
2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%-ი.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემებით 3 212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 997 მგზავრს მოემსახურა.
2022 წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6 785-ს, ხოლო ჩარტერების – 1 771-ს. 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8 788. 996 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
2021 წლის ექვს თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ, გასულ ექვს თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54 591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2022 წლის განვლილ ექვს თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია: Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი); Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი); Pegasus – 10% (164 293 მგზავრი); Belavia – 6% (108 979 მგზავრი); Fly Dubai – 5% (85 954 მგზავრი); Israir – 5% (79 395 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი); Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი); Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი); EL AL – 3% (51 288 მგზავრი).
პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს.