სამოქალაქო აქტივისტებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების უკრაინაში გაფრენის საკითხს უკრაინის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე“ ეხმაურება

100-მდე ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უკრაინაში ვერ გაფრინდნენ. ისინი ომში მოხალისეებად ჩართვას გეგმავენ.

მათი განცხადებით, თვითმფრინავს, რომელსაც ისინი უნდა წაეყვანა, ქართულმა მხარემ გაფრენის უფლება არ მისცა. თუმცა, მოხალისეები აცხადებენ, რომ უკრაინაში მაინც გაემგზავრებიან. აეროპორტში იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე, რომელმაც განაცხადა, რომ რეისის გაუქმების მიზეზი მისთვის უცნობია.

ცოტა ხნის წინ ფაქტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი. „თავისუფლების მოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, – წერს დენის შმიგალი „ტვიტერზე“.

შესაბამისი უწყებებისგან ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა რეისის გაუქმების მიზეზი.