პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ ჩააგდონ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ სისტემას დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, აქციებს გააგრძელებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დეპუტატების აზრის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გვაჩვენოს, თითქოს მას კონტროლის მექანიზმი აღარ აქვს საკუთარ ცხვრებზე, რომლებიც პარლამენტში ჰყავს. ამ შენობაში, ახლა იდეაში ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს. ვაგლახ, საქართველო, რომ ეს ადამიანები წყვეტენ და მათი ერთი თითის დაჭერა შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფხიზელი და ძალიან მზადმყოფი საზოგადოების ხარჯზე ჩვენ შევძლებთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს შემადგენლობაც კი მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდება“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ მწვავე რეაქციას მიიღებს, თუკი „წითელ ღილაკს, მწვანე ღილაკის მაგივრად დააჭერენ“.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.