სექტემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში 0.8 პროცენტით გაიზარდა
სექტემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში 0.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში ინფლაციის დონემ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე ჯგუფზე ფასის ცვლილებამ იქონია. მათ შორისაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომელზეც ფასის 1.6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულ ჯგუფში ერთ თვეში 2.7 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი; 2.3 პროცენტით –  ხორცი და ხორცის პროდუქტები; ასევე, ბოსტნეული და ბაღჩეული – 1.7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 1.6 პროცენტით, თევზეული – 1.4 პროცენტით, ხოლო ხილი და ყურძენი – 1.0 პროცენტით.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 5.9 პროცენტით არის გაძვირებული ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინფლაციის მაჩვენებელზე. მათ შორის 10.9 პროცენტით გაძვირდა ფეხსაცმელი, ხოლო 3.9 პროცენტით ტანსაცმელი.