სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინასწარი დაკავების ორდერი გააუქმა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინასწარი დაკავების ორდერი გააუქმა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინასწარი დაკავების ორდერი გააუქმა და მან, შესაძლოა, საპატიმრო მალე დატოვოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მედიის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საგამოძიებო სააგენტომ მას ბრალი წინასწარი დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ წაუყენა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, იუნ სოკ იოლის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურორებმა დადგენილება გაასაჩივრონ.

იუნ სოკ იოლი ამბოხის წაქეზების ბრალდებით იანვარში დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან 3 დეკემბერს, ჯერ კიდევ მაშინ,  როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყანაში მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვებულ თავის ოპონენტებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. საპასუხოდ, პარლამენტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კანონიერია თუ არა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც იუნ სოკ იოლს სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება ან, შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც შეუფარდონ.