სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტი გააუქმა
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტი გააუქმა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი გააუქმა. კორეის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰან დოკ სუ, რომელსაც სამხრეთ კორეის პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში იმპიჩმენტი გამოუცხადა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე აღადგინეს. შესაბამისად, ჰანი კვლავ ხდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული იუნ სოკ იოლის ნაცვლად.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეს ადასტურებს პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას. ჰან დოკ სუმ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაბრუნების შემდეგ პირობა დადო, რომ იზრუნებს გადაუდებელ საკითხებზე.

ცნობისთვის, 2024 წლის 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა, რაც დაასაბუთა ოპოზიციის „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით“. თუმცა ქვეყნის პარლამენტმა უარი თქვა ამ გადაწყვეტილების დამტკიცებაზე და უკვე მეორე დილით სახელმწიფოს მეთაურს მოუწია მისი გაუქმება. 14 დეკემბერს კი პარლამენტმა იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მთავრობის ხელმძღვანელი ჰან დოკ სუ. თუმცა 27 დეკემბერს პარლამენტმა მასაც გამოუცხადა იმპიჩმენტი. ამის მიზეზი გახდა ჰანის უარი, დაენიშნა კიდევ სამი მოსამართლე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა სასამართლოს საბოლოოდ დაემტკიცებინა იუნ სოკ იოლის თანამდებობიდან გადაყენება. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრი ჩხვე სან მოკი.

თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მიმართ დაიწყო გამოძიება ამბოხის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. მას შემდეგ, რაც ის სამჯერ არ გამოცხადდა დაკითხვაზე როგორც ეჭვმიტანილი, სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. 15 იანვარს იუნ სოკ იოლის დააკავეს საკუთარ რეზიდენციაში, დაცვის მხრიდან წინააღმდეგობის მცდელობის მიუხედავად. პრეზიდენტის დაკავების შემდეგ სეულში არეულობა დაიწყო.

7 მარტს სეულის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუნ სოკ იოლის დაცვის შუამდგომლობა და გააუქმა ადრე გაცემული დაკავების ორდერი. ერთი დღის შემდეგ 64 წლის პოლიტიკოსი გათავისუფლდა პატიმრობიდან. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

იუნ სოკ იოლის საქმის სასამართლო განხილვა 14 აპრილს დაიწყება.