სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, უკრაინელების მიერ ტყვედ აყვანილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ჭრილობების გაუარესების შედეგად დაიღუპა
უკრაინელების მიერ ტყვედ აყვანილი დაშავებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, ჭრილობების გაუარესების შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ჯარისკაცი დაატყვევეს რუსეთის კურსკის რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის მოხდა ინციდენტი.
სავარაუდოდ, დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ფოტო, რომელმაც, როგორც ჩანს, დაზიანებები მიიღო, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ ტყვედ აიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამ დროისთვის რუსეთში 11 000-მდე ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცი გაიგზავნა.