სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა
სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოდა. ამის შესახებ ფრანგული მედია სააგენტო „იონჰაპზე“ დაყრდნობით იუწყება.
„მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციასთან რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის წყალობით, დადასტურდა დაჭრილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დატყვევება“, – ციტირებს სააგენტო სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებას.
„ფრანს პრესის“ წყარო სამხრეთ კორეის დაზვერვაში აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, თუ სად აიყვანეს ტყვედ ჩრდილოკორეელი სამხედრო. ამასთან, სავარაუდოდ ტყვედ აყვანილი ჩრდილოკორეელი სამხედროს ფოტო 26 დეკემბერს საღამოს გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხმა „მილიტარნიმ“. ჩანაწერში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, „ტყვედ აიყვანეს ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის პირველი მებრძოლი“. უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ ინფორმაციაზე.
ჩრდილოკორეელი სამხედროების რუსეთში გადაყვანის შესახებ ცნობები 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელ სამხედროებს ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ კორეის გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი კიმ იონ ბოკი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკორეელების დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ სამი ათასს გადააჭარბა.