სამხრეთ კორეის ხომალდმა მთვარის ორბიტიდან დედამიწას ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
სამხრეთ კორეის ხომალდმა მთვარის ორბიტიდან დედამიწას ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება

რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ კორეამ თავის ისტორიაში პირველად, მთვარის ორბიტაზე ხომალდი გაუშვა. ორბიტერმა, სახელად „დანური“, მთვარის ზედაპირისა და დედამიწის შავ-თეთრი ფოტოები გადაიღო და გამოგზავნა.

„დანური“ კორეული სიტყვების — „მთვარისა“ და „მხიარულების“ აბრევიატურაა და სამხრეთ კორეამ 2022 წლის აგვისტოში, აშშ-დან, SpaceX-ის რაკეტით გაუშვა. ხომალდი მთვარის ორბიტაზე გასული წლის დეკემბერში გავიდა.

მთვარე

24 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს მთვარის ზედაპირი და დედამიწა; სურათები მთვარის ზედაპირიდან 120 კილომეტრის სიმაღლიდან არის გადაღებული.

კორეის აეროკოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (KARI) განცხადებით, ამ ფოტო-ვიდეომასალას 2032 წელს მთვარეზე დაგეგმილი დაჯდომისთვის ხელსაყრელი ადგილების შესარჩევად გამოიყენებენ.

დანური მთვარეს ყოველ ორ საათში ერთხელ უვლის გარშემო.

სამეცნიერო მისიას ორბიტერი თებერვალში დაიწყებს; მათ შორის იქნება მთვარის ლანდშაფტის რუკაზე დატანა და ანალიზი, მაგნიტური ველისა და გამა-გამოსხივების გაზომვა.

გარდა ამისა, ფოტოებისა და ვიდეოების დედამიწაზე გამოსაგზავნად, ხომალდი ასევე დატესტავს „კოსმოსური ინტერნეტის“ ტექნოლოგიას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა დანურის მიღწევებს ქვეყნის კოსმოსურ პროგრამაში ისტორიული მომენტი უწოდა.

სამხრეთ კორეას კოსმოსის კვლევის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მათ შორის არის 2032 წელს ხომალდის დასმა მთვარეზე, 2045 წელს კი მარსზე.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.