სამხრეთ კორეის დაზვერვა - რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა
სამხრეთ კორეის დაზვერვა - რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში  რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივ მედიას სამხრეთკორეელმა დეპუტატებმა განუცხადეს, ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა თავისი მონაცემები პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტს დახურულ სხდომაზე გაუზიარა.

სპეცსამსახურების ცნობით, ფხენიანი გეგმავს რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად კიდევ ექვსი ათასი სამხედროს გაგზავნას.

სამხრეთ კორეული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ათასამდე სამხედრო ინჟინერი უკვე ჩავიდა რუსეთში. სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდასაჭერად დაახლოებით 13 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა.