სამხრეთ კორეელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ასობით პოლიგონი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს საჯაროდ სჯიან სიკვდილით
სამხრეთ კორეელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ასობით პოლიგონი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს საჯაროდ სჯიან სიკვდილით

სამხრეთ კორეელმა უფლებადამცველებმა ჩრდილოეთ კორეაში ასობით პოლიგონი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს საჯაროდ სჯიან სიკვდილით. როგორც ორგანიზაცია „ტრანსიშენელ ჯასთის ვორქინგ გრუპი“ იუწყება, მათ დაადგინეს 310 ასეთი პოლიგონის ადგილმდებარეობა. უფლებადამცველების თქმით, ამის გაკეთება ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული 600-ზე მეტი მოქალაქის მონაყოლზე დაყრდნობით მოხერხდა.

უფლებადამცველების ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს ისეთი დანაშაულისთვისაც კი სჯიდნენ სიკვდილით, როგორიც არის ძროხის მოპარვა ან სამხრეთ კორეის ტელევიზიის გადაცემის ნახვა.

მათივე ცნობით, საჯაროდ სიკვდილით დასჯა ყველაზე ხშირად მდინარის სიახლოვეს, ან გაშლილ მინდორზე, ასევე ბაზარში, სკოლასა და სტადიონზე ხდება. უფლებადამცველების განცხადებით, პროცესს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს, დახვრეტილი მოქალაქეების ცხედრები კი, ნათესავებს არ უბრუნდებათ და მათი დაკრძალვის ადგილი ახლობლებისთვის ხშირად უცნობი რჩება.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, რეჟიმისთვის არასასურველ ადამიანებს ყველაზე ხშირად საჯარო დახვრეტა ემუქრებათ, თუმცა არის საჯაროდ ჩამოხრჩობის შემთხვევებიც.

ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ხშირად ხვდება, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ფაქტების დადასტურება ძალიან რთულია.