სამხრეთ კორეაში წელს ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება
სამხრეთ კორეაში წელს ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

ღვინის ეროვნული სააგენტო ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მიზნით მუშაობას მიმდინარე წელსაც განაგრძობს,  – ამის შესახებ პირველ არხს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან, გაგრძელდება სტრატეგიული ხაზით მუშაობა, რასაც დადებითი შედეგი აქვს.

„სტრატეგიული ბაზრები, როგორიც არის იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, არ შეიცვლება, რადგან მიღწეული წარმატება გასამყარებელია და სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ. ასევე ვეცდებით, ჩავრთოთ რამდენიმე ახალი ბაზარი. მიუხედავად მატებისა, ახალ ბაზრებში არა მარტო ახალი ქვეყნები უნდა ვიგულისხმოთ, არამედ უკვე არსებულ ბაზრებზე ახალი სეგმენტები, ახალი მომხმარებლები და ა.შ“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, 2019 წელს პირველად არის დაგეგმილი გამოფენა სამხრეთ კორეაში.

„ასევე, ვეცდებით, გავამყაროთ პოზიციები ბაზრებზე, რომლებზეც 2018 წელს შევედით – შვეიცარია და სკანდინავია. გვინდა, საშუალო ფასმა აიწიოს და შემოსავალი, რომელსაც ღვინო მოიტანს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი იყოს. ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ბოთლ ღვინოზე არის დაახლოებით 2,5 აშშ დოლარი. ამ მონაცემით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენი შესაძლებლობის ორი ქვეყანა გვისწრებს, ავსტრია და ახალი ზელანდია. ამიტომ ჩვენი მიზანია იმ საფასო სეგმენტში შესვლა, რომელშიც ეს ორი ქვეყანაა“, – განუცხადა პირველ არხს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და აღნიშნა, რომ საექსპორტო ფასი 3 აშშ დოლარს უნდა გასცდეს.

2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.